გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 21-22 თებერვალს ბათუმი პირველად უმასპინძლებს „ბათუმის გიდების საერთაშორისო კონფერენციას.“ ღონისძიება ორდღიანია და სამი პანელური სესიისგან შედგება.
ბათუმის გიდების საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას უწევს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და მასში მონაწილეობას იღებენ უცხოეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპიკერების სტატუსით მოწვეული გიდები და ტურიზმის სფეროს ექსპერტები. გიდების საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება გიდებისათვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისათვის თავისუფალია.
გიდების საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი პროფესიული პლატფორმის შექმნას, სადაც ტურიზმის სფეროს პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, ისაუბრონ გიდის პროფესიულ განათლებაზე, ტურიზმის განვითარების პრიორიტეტებზე, კულტურულ, ეკო, სამთო, გასტრონომიულ თუ სათავგადასავლო მიმართულებებსა და გიდის პროფესიის მნიშვნელობაზე.
„ბათუმის გიდების საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში გაიმართება პანელური სესიები და პრეზენტაციები, რომელთა მთავარი თემებია გლობალური ტურიზმი და გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი და მისი უნიკალური პროფესიული გამოცდილება. პანელური შეხვედრა ასევე დაეთმობა კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს ტურიზმისა და მეზეუმების ჭრილში.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გასვლითი ტურის ფარგლებში გაეცნონ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და ისიამოვნონ ქართული სტუმარმასპინძლობით.