ბათუმი არის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში. ქალაქი 2000 წელზე მეტს ითვლის და გამორჩეულია თავისი არქიტექტურით და კლიმატით. ყველაზე შთამბეჭდავი ბათუმური კონტრასტი ზღვისა და მთების საოცარი სიახლოვეა. კავკასიონის მთებისა და შავი ზღვის სინთეზი ულამაზეს პეიზაჟებს ქმნის. ასევე საოცარი კონტრასტია ძველი და თანამედროვე ბათუმის შერწყმა, ძველი ბათუმი - ვიწრო ქუჩებით, საუკუნოვანი სახლებით, ორიგინალური ეზოებით, ახალი ბათუმი კი ცათამბჯენებით, თანამედროვე შენობებით, ბრენდული სასტუმროებითა და კაფე-რესტორნების დიდი არჩევანით.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ბათუმი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაარსდა და მისი თავდაპირველი დასახელება „ბათუსი“ მოხსენიებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნით დათარიღებულ ტექსტებში. ბათუმის შესახებ უძველესი ცნობა არისტოტელეს (ძვ. წ. IV ს.) ეკუთვნის. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ბათუმს აქვს მე-19 საუკუნეში განაშენიანებული ბულვარი, რომელიც გადაჭიმულია 7 კმ-ზე ზღვის სანაპიროზე. ბათუმი ასევე ცნობილია თავისი ძველი საზღვაო პორტით. მას შემდეგ, რაც ქალაქი გახდა „პორტო ფრანკო“ (თავისუფალი პორტი), ევროპელმა არქიტექტორებმა ქალაქში უამრავი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა დააპროექტეს.
ბათუმი წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ ცენტრს. ის ხშირად მასპინძლობს როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებს, გამოფენებს და მსოფლიო სპორტულ ჩემპიონატებს. ბათუმი თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით, შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია.
დღეს ბათუმი არის ულამაზესი პეიზაჟების, ავთენტური კულტურისა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის შესანიშნავი ნაზავი. World Travel Awards 2022-ზე ბათუმი დასახელდა 'ევროპისა და მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად.
აქ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრულია, ადგილობრივები ბათუმს „სიყვარულის ქალაქს“ ეძახიან. სუბტროპიკული კლიმატი, საუკეთესო სამკურნალო თვისებების მქონე თბილი შავი ზღვა, სანაპირო ზოლში არსებული ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა და მთისა და ზღვის უნიკალური ურთიერთშეხამება ქმნის საუკეთესო პირობებს ბათუმში დასვენებისთვის. ამბობენ, რომ თუ ერთხელ მაინც იმოგზაურებ ბათუმში, ვერასოდეს შეძლებ მის დავიწყებას.
გთავაზობთ ტოპ 10 ადგილს, რომელიც აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
ანბანის კოშკი მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრში - საოცრებათა პარკში. საქართველოს თავისი დამწერლობა და ანბანი აქვს. ქართული ანბანი ითვლება ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს დამწერლობად. ანბანის კოშკი ქართულ ანბანს ეძღვნება. ქართველები ენას საკუთარი იდენტობის განმსაზღვრელად მიიჩნევენ, ამიტომაც კოშკს დნმ-ის სტრუქტურა აქვს. კოშკის სიმაღლე 130 მეტრია და მასზე დატანილია ქართული ანბანის 33 ასო, რომლებიც ღამით ნათდება. ანბანის კოშკის ბოლო სართულზე განთავსებულია რესტორანი ქალაქისა და ზღვის ულამაზესი ხედებით. რესტორანი საათში ერთ ბრუნს ასრულებს - 360 გრადუსით და სტუმართათვის იშლება ულამაზესი პანორამული ხედი.
“ალი და ნინოს” მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ცნობილი ქანდაკება ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ნამუშევარია. სკულპტურა მოიცავს ქალისა და მამაკაცის 8 მეტრიან ფიგურას, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ და ერთ მთლიანობად იქცევიან. სახელი “ალი და ნინო” გაჩნდა ცნობილი მწერლის ყურბან საიდის რომანიდან. იგი მოგვითხრობს ალი შარვანშირისა და ნინო ყიფიანის სიყვარულზე. აღნიშნული ქანდაკების ორიგინალურობა, თემატიკა და მუდმივი დინამიკა დაუვიწყარ ემოციებს ტოვებს.
საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით. აჭარის რეგიონში 5 ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია და დაცული ლანდშაფტია. ესენია: ქობულეთის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და მაჭახელას დაცული ლანდშაფტი. ამათგან პირველ სამს, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საგანძურს, იუნესკო (UNESCO) იცავს. ეროვნულ პარკებში მოწყობილია ბილიკები, თავშესაფრები და ინტერაქტიული ტურისტული პროდუქტები. ეროვნული პარკები იდეალური ადგილია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ვისაც უნიკალურ ბუნებაში სურს დასვენება.
ბოტანიკური ბაღი განსაკუთრებული ადგილია საუცხოო პეიზაჟებისა და მცენარეების სანახავად. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. ასევე, ბოტანიკურ ბაღში ხდება გადაშენების პირას მყოფი მცენარეების დაცვა. ბოტანიკური ბაღი დაყოფილია 3 პარკად. მასში გაერთიანებულია შემდეგი განყოფილებები: აღმოსავლეთ აზიის, ჰიმალაის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, მექსიკის, ჩრდ. ამერიკის, სამხრ. ამერიკის, ხმელთაშუა ზღვის და ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების განყოფილებები. რაც შეეხება მცენარეთა კოლექციას, აქ თავმოყრილია ციტრუსოვანი, კამელიების, ვარდებისა და სხვა კოლექციები.
თუ ბუნების მოყვარული ხარ, ან უბრალოდ გსურს დატკბე ბათუმის სილამაზით, აუცილებლად უნდა ესტუმრო ბათუმის ბულვარს. ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე მონახულებადი ადგილი, სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის მოიცავს 7 კილომეტრიან სასეირნო ზღვისპირა ბილიკს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ამ ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველას შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს. გარდა სარეკრეაციო დანიშნულებისა, ბათუმის ბულვარი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბუნგალოებით, რომლებიც ადგილობრივი და საერთაშორისო შემსრულებლებითა და დიჯეებით დაუვიწყარ საღამოებს სთავაზობენ დამსვენებლებს.
ქალაქური ცხოვრებისა და ულამაზესი არქიტექტურის სანახავად აუცილებლად უნდა გაისეირნო ძველ ბათუმში. ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა ბათუმის პიაცაა, რომელიც ძველ ბათუმში მდებარეობს. საღამოს სასიამოვნოდ გასატარებლად აქ თავს იყრის უამრავი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები. პიაცა წარმოადგენს მოედანს, რომელიც გარშემორტყმულია რესტორნებით, კაფეებითა და ბარებით. მოედანს პატარა იტალიადაც მოიხსენიებენ ხოლმე. მოედანი გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმა.
ევროპის მოედანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. იგი გარშემორტყმულია XIX - XX საუკუნის არქიტექტურით. მოედანს ამშვენებს მედეას ქანდაკება, რომელიც ბათუმის კულტურული ძეგლია. მას კოლხეთის სამეფოს დიდების და კულტურული განვითარების სიმბოლო - ოქროს საწმისი უჭირავს ხელში. მოედანს მისი სახელით და მედეას ქანდაკებით შეუძლია იმის დამტკიცება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და მისი კავშირები ევროპასთან უძველესი დროიდან მოდის. აქ ასევე განთავსებულია დიდი შადრევანი და თემატური კაფეები, რაც ხიბლს სძენს მოედანს.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ აღმოაჩინო საქართველოს და აჭარის რეგიონის ისტორია და მისი ნაკვალევი. მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში გამოფენილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის, ანტიკური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური და გვიანი შუა საუკუნეების ხანის არტეფაქტები. მუზეუმის კოლექციებში დაცულია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის საინტერესო ნუმიზმატიკური და გლიპტიკური ძეგლები. მუზეუმში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს. მუზეუმის ისტორიულ შენობას, 2004 წლიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. გონიოს ციხე აერთიანებს ქრისტეშობიდან დღემდე საქართველოსა და არაერთი ცივილიზაციის ისტორიას. გონიოს ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. I საუკუნეში რომაელების მიერ აგებული ციხე ჯერ ბიზანტიელების გასამაგრებელ ადგილს წარმოადგენდა VI-VII საუკუნეებში, მოგვიანებით კი - XVII საუკუნეში, ოსმალეთის იმპერიის. ციხე ინახავს ბევრ მნიშვნელოვან ფაქტსა და არქეოლოგიურ ნიმუშს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ციხის ისტორია დაკავშირებულია არგონავტების მითთან. აქვეა მოციქულ მატათას სიმბოლური საფლავიც.
ბათუმის სამიგრაციო დერეფანი ერთ-ერთი უმსხვილესია და მტაცებელ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ბოლო წლების მონაცემების მიხედვით, აჭარის ცაზე საშემოდგომო მიგრაციის დროს 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება, აქედან გამომდინარე კი, ყოველ წელს გაცილებით მეტი ადამიანი ინტერესდება ეწვიოს აჭარას, დააკვირდეს ამ უნიკალურ მოვლენას და თავად გახდეს მისი ნაწილი.